გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება გაიხსნა - სურსათის სააგენტო

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება გაიხსნა.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც უზუნველყოფს ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციას, მომხმარებლის დამცვავი საშუალებებით აღჭურვას, ტარდება თერმოსკრინინგი და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დისტანციის დაცვას“, – აცხადებს სააგენტო.
სააგენტო აცხადებს, რომ პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა, რაშიც აქტიურად არის ჩართული ბაზრის ადმინისტრაცია.

3 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.