გლდანის ციხეში, რომელიც ჯალათებით იყო სავსე, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო - პრემიერი

პუბლიკა

ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობისგან“ და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან – ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა ხონის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს განაცხადა.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ, მინდა მათ შევახსენო, მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკონ, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ადამიანის ღირსებაზე და თავისუფლებაზე, ადამიანის დაცვაზე. რამდენიმე დღის წინ რატი ბრეგაძემ გაიხსენა, რომ ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ციხის საკანში, 20 კვადრატულ მეტრზე, 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული. ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა საპატიმროებში.

დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება. ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობისგან“ და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის განცხადების ბეჭდურ ვერსიას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.