გლდანის ციხის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

გლდანის ციხის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

„ინტერპრესნიუსის” ცნობით, არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

შსს-ში „პუბლიკას” უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

მანამდე თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მას 8 ივლისს გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი დაემუქრა, 11 ივლისს კი სხვა მსჯავრდადებული მის საკანში შევიდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

21 აგვისტოს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „შესაძლოა, კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ”.

უწყების განცხადებით, „დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს“.