გლდანის ძველი, დასაწყობებული მილები აღარ არის, მოიპარეს – კალაძე

პუბლიკა

დღეს, 30 დეკემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ  წლის შემაჯამებელ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა.

კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქუჩების განახლების პროცესი ხარვეზებით წარიმართა და რომ მოკვლევის მიზნით დოკუმენტები პროკურატურაშია გადაგზავნილი. გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაულიც.

„ჩვენ გლდანში დავამთავრეთ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ხარვეზებით წარიმართა. ამასთან დაკავშირებით შიდა აუდიტმა გარკვეული მოკვლევა ჩაატარა. იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამასთან მიმართებით, უკვე გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილია დოკუმენტაცია შემდეგი მოკვლევის მიზნით. გარდა ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული. ის ძველი მილები, რომლებიც მიწაში იყო განთავსებული და რომლებიც ამოიღეს, დასაწყობებული იყო და ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. შესაბამისად, ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება. აქ საუბარია 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე. მინიმუმ 200 ათასი ლარი აქვს ზარალი მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე მოკვლევა დაამთავრა აუდიტის სამსახურმა და მთავარ პროკურატურას გადაეცემა საქმე – ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ აქ რაღაცების გატარება ვიღაცას შეიძლია. ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა და ვინც გარეულია ამ სავარაუდო დანაშაულში, რომელიც გამოიკვეთება ძალიან მალე“, – აღნიშნა კალაძემ.


9 დეკემბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის წინა სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხიზანიშვილის ქუჩის განახლების პროცესში ხარვეზების მოკვლევის შედეგად, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ხარვეზების შედეგად დაახლოებით 85 ათასი ლარით დაზარალდა დედაქალაქის ბიუჯეტი.