გლდანისა და ქსნის დაწესებულებებში კორონავირუსის 78 შემთხვევა გამოვლინდა – მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, გლდანის მე-8 და ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებებში სულ კორონავირუსის 78 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან გლდანში 38 შემთხვევა, ხოლო ქსანში 40.

„გლდანში ჩატარდა 2 422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან, 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენი 30 არის უსიმპტომო და კონტაქტებთან ერთად საკარანტინო სივრცეში არიან იზოლირებულები. ისინი ყოველდღიურად გადიან კონტროლის ღონისძიებებს, რაც გათვალისწინებულია სამედიცინო პროტოკოლით”, განაცხადა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება ქსნის პენიტენციურ დაწესებულებას, მინისტრის თქმით, იქ ვირუსი 40 პატიმარს დაუდასტურდა.

„ქსნის მე-15 დაწესებულებაში გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს 40 დადასტურებული პირი უსიმპტომო პაციენტია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ. ისინი იზოლირებული არიან დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისაგან და მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან“. თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.