გლდანში კობიაშვილი უპირობოდ მარცხდება. მონაცემები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი - მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ გლდანში იმაზე უფრო შემაშფოთებელია ვითარება, ვიდრე ეს ჩანს.

„იმაზე უფრო შემაშფოთებელია ვითარება, ვიდრე მაყურებელს ჰგონია. მერწმუნეთ, არ ჩანს კიდევ ის დაძაბულობა, რაც გლდანშია, რომლის სულისჩამდგმელი არის ხელისუფლება, თავისი კრიმინალებით. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. მე ეს მონაცემები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი ახლა აქ.  ეს იციან მათ არანაკლებ უკეთ, ვიდრე მე და ჩემმა შტაბმა.

მობილიზაციაა ყველა კრიმინალის. იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ გლდანში,  84-ე საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით, იმ დათო კვიჟინაძემ, რომელიც კახა კალძის ბავშვობის მეგობარია იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენ დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიცია მივიდა და ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია – ირაკლი ეძგვერაძე დააკვეს. ის ჩემი მეგობარია და შტაბის წევრი. არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.