გლდანში ნიკა მელიას ოფისში ხანძარი გაჩნდა | შტაბის უფროსი თავდასხმაზე საუბრობს

პუბლიკა

გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ოფისში ხანძარი გაჩნდა. შტაბის უფროსი „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ შენობის შუშა ქვებით ჩაამსხვრიეს და შიგნით ბენზინის ბოთლი შეაგდეს. მისი თქმით, პოლიციას ჯერ იდენტიფიცირებული არავინ ჰყავს.

„დაახლოებით, დილის 6-ის წუთები იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ჩვენს ოფისში ხანძარი იყო. სანამ მეხანძრეები მოვიდოდნენ, შუშა ჩამსხვრეული იყო, ორი დიდი ქვა იყო ნასროლი და შიგნით ბენზინის ბოთლი შეგდებული. მთლიანად აპირებდნენ დაწვას, მაგრამ ვერ მოასწრეს. იმედი მაქვს, გამოიძიებენ“, – აცხადებს შტაბის ხელმძღვანელი.

„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ ადგილზე ყვითელი ლენტია გაბმული და სამართალდამცველები მუშაობენ. შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი მიმდებარე ობიექტებიდან კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ. „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ჯერჯერობთ არ უთქვამთ, რა კვალიფიკაცია მიენიჭა საქმეს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.