გლდანში სხვა ქუჩებზეც მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ურომლისობაც პრობლემას უქმნის ცენტრალურ ქუჩებს - კალაძე

პუბლიკა

„გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩის ზედა მხარეს არსებულ ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მერმა აღნიშნა, გლდანის რაიონში მსგავსი პროექტები ეტაპობრივად, ყველა იმ ქუჩაზე განხორციელდება, რომელიც უხვი ნალექის დროს ცენტრალურ ქუჩას პრობლემას უქმნის და სანიაღვრე ქსელის მოწყობას საჭიროებს.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მიმდებარე მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამსვლელი ქუჩები მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ფაქტობრივად, არც ერთ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ამ ორ ცენტრალურ ქუჩას. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პარალელურად ყველა იმ ქუჩას მიჰყვებიან, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს, რათა ამ მიმართულებით ყველაფერი მოწესრიგდეს.