„გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ, კადრებს არჩევენ" - დეპუტატი პაპუაშვილი მედიაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი მედიას აკრიტიკებს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის გაშუქების ფორმებზე.

გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ.

დრონით გადაღებული ჩასვენება…

მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია.

-წერს პარლამენტის წევრი.

“გლოვას სულიერება სჭირდება” – ეთანხება მას კომენტარში მისი კოლეგა ნინო წილოსანი.


„TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.