გმირთა მემორიალთან ფიცის დადების შემდეგ აქციის მონაწილეებს ზვიად ცეცხლაძემ მიმართა

პუბლიკა

ახალგაზრდებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა გმირთა მემორიალთან ერთი წლის წინ ამ დღეს დადებული ფიცი გაიმეორეს. ტექსტი სიმბოლურად ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა. ზვიად ცეცხლაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს.  2024 წლის 19 აპრილს ის ერთ-ერთი იყო იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც აქცია გამართეს, მსვლელობით მივიდნენ გმირთა მოედანზე და ფიცი დადეს. ზვიად ცეცხლაძემ რამდენიმე დღის წინ მოქალაქეებს მოუწოდა, გაემეორებინა იგივე მარშრუტი და კიდევ ერთხელ დაედოთ ფიცი:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას!
ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას! ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – ნათქვამია ფიცის ტექსტში.

ფიცის დადების შემდეგ დემონსტრანტებს საპატიმროდან მიმართა ზვიად ცეცხლაძემაც:

„თანამებრძოლებო, ამ წუთებში ციხეებიდან ათობით აღელვებული გული შემოგცქერით და ნატრობს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცს გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია თქვენ ითხოვთ სამართალს, ითხოვთ ახალ არჩევნებს, ითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ – გადადგეს ქართული ოცნება. როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება და … ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, მაშინ ხალხის მოვალეობაა დაამხოს ასეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია. ჩვენ დიდი ხანი ვითმინეთ, ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გაგუდვა, გატაცება, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა, ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა სისუსტედ ჩაგვითვალეს, დიდსულოვნება კი შიშად.

ნათელია, ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეელევა და რკინის მარწუხს არ მოუშვებს. ეს მისთვის ნამდვილად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ იძულებულს გავხდით. ორი არჩევანია – ჩიხი, ლაჩრობისა და სიმხდალის გზა, რომელსაც ცრუ ჰუმანურობით შევფუთავთ და რაც გვაქცევს რუსეთის გუბერნიად, სადაც ვიქნებით უსუსურები უსამართლობის წინაშე, სადაც ნამუსს ახდიან ჩვენ მებრძოლ ქალებს, სადაც ჩვენ შვილებს ძაღლებივით დაგვამარხინებენ და როგორც ჩვენივე ღირსებას ჩაგვაფლობინებენ მიწაში. ან ბრძოლისა და რევოლუციის გზა, სადაც მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში სიკვდილს ვამჯობინებთ, სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ღირსებას და ჩვენს ფიცს. ჰოდა აირჩიე ქართველო ერო. […] მივმართავ ქართულ ოცნებას და მათ მომხრეებს – თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი და თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?! გაუმარჯოს ერთიან და დემოკრატიულ საქართველოს“.

სტუდენტები და მათთან ერთად შეკრებილი მოქალაქეები ახლა პარლამენტთან ბრუნდებიან. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. მათ დაგეგმილი აქვთ ერთად შეხვდნენ აღდომის დღესასწაულს.