გმირთა მოედანზე მოძრაობის დასარეგულირებლად შუქნიშანი მოეწყობა - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გმირთა მოედანი პრობლემური სატრნასპორტო კვანძია და საჭიროა მოძრაობის დარეგულირება. ამიტომ, მისი თქმით, მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შევა და შუქნიშანი მოეწყობა.

„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას.

კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, დაგეგმილ ცვლილებებზე სიმულაციური მოდელირება გაკეთდა, რომელმაც აჩვენა, რომ ცვლილება ეფექტიანი იქნება.