GNCC-მ „მთავარ არხს“ ივანიშვილზე გაშვებული ვიდეორგოლების ამოღება მოსთხოვა და გააფრთხილა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისია (GNCC) მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“ საქართველოს კანონმდებლობის დაარღვია, ამიტომ არხი წერილობით გააფრთხილა და „არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა“.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან გასულ ვიდეორგოლებს.

კომისია მიიჩნევს, რომ „პოლიტიკურ რეკლამების განთავსება მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ“.

„კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა“, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

„მთავარი არხის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდეორგოლები დაკვეთით დამზადებული არ არის და ის ტელევიზიამ თავისი ინიციატივით მოამზადა. არხის იურისტები კომისიის ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.