პრორუსული, ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ ფიზიკური ძალის ორგანიზების მიზნით ე.წ. რაზმების, ჯგუფების შექმნას აანონსებს.
პარტიის ლიდერები გიორგი ქარდავა და შოთა მარტინენკო გავრცელებულ ვიდეოში, დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვითარების ვერსიებზე საუბრობენ და ამ შესაძლო მოვლენების აღსაკვეთად ფიზიკური ძალის მობილიზების საჭიროებას წარმოაჩენენ.
„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს პროცესი დაიქოქა. მოკლედ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაყალიბებთ ანტი-მაიდანს“, – ამბობს პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა.
როგორც შოთა მარტინენკოს განცხადებიდან ჩანს, ძალადობრივი პარტიის მიზანია, „ერთ დაძახილზე, ერთ დღეში ათეულობით ათასიანი მიტინგის შეკრება და წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერ მომენტში“.
„გნებავთ, რაზმები დაარქვით, რაიონების მიხედვით, გნებავთ, ჯგუფები, მოხალისეები, რაც გინდათ, ის დაარქვით – ორგანიზებული ქსელი ხალხისა, რომელიც ერთ დაძახილზე, თბილისში გაჩნდება და შეძლებს სისტემის ჩამოშლის შემთხვევაში, თუკი ამის აუცილებლობა დადგა, რომ ხალხმა დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი…“, – ამბობს მარტინენკო.
პრორუსული „ალტ-ინფოს“ ნარატივი თანხვედრაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებასთან, სადაც სუსი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელებაზე საუბრობს. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ეს განცხადება საინფორმაციო მანიპულაციის კლასიკურ შემთხვევად შეფასდა, ვინაიდან, მათი თქმით, უწყებას არანაირი კონკრეტული ინფორმაცია, ფაქტი და მტკიცებულება არ დაუსახელებია.
საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის წესით ისჯება ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ასევე, უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) როგორც შექმნა, ხელმძღვანელობა, ასევე გაწევრება, მონაწილეობა.
„უკანონო ფორმირება“ (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად, თუ ასეთი ფორმირება დანაშაულებრივი მიზნით არის შექმნილი.