გოცირიძე: ღარიბაშვილმა კახა ოქრიაშვილს ბოდიში უნდა მოუხადოს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე PSP-სთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება გააკრიტიკა.

მისი თქმით, ის ყოველთვის იყო წინააღმდეგი პოლიტიკაში ბიზნესის წარმომადგენლების პირდაპირი მონაწილეობის. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში ბიზნესის წარმომადგენლებს და მაჟორიტარებს არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებიათ, პირიქით, დააკნინეს პოლიტიკური პროცესი.

მისივე განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა კახა ოქრიაშვილს ბიდიში უნდა მოუხადოს.

„საკითხი ეხება იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა რეპრესიები კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენების მიმართ, გუშინ წარმოუდგენელი რამ თქვა. ჭორებით საუბრობს ის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ, თურმე, PSP-ში ცუდი რამ ხდება, ვინაიდან აფთიაქში გამყიდველმა კლიენტს შესთავაზა განსხვავებული წამალი, „ჯენერიკი“, თურქული და თან ჰკითხა, რომელი გირჩევნია თურქული უხარისხო, თუ ევროპული ხარისხიანიო. აი, ამ ჭორზე მან, ფაქტობრივად, ააგო დემაგოგიური მსჯელობა და დავალება მისცა ძალოვან სტრუქტურებს, გაუსწორდნენ პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი დეპუტატის ბიზნესს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნის ახალი ფორმის გამოყენება“, – თქვა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ გაიხსენა ისტორია, როდესაც, მისი თქმით, „ოცნების“ დამფინანსებელ აფთიაქშიც მსგავსი რამ უთხრეს, როდესაც წამალს ყიდულობდა.

„ეს განცხადება იყო დემაგოგიური, არასწორი ყველანაირად და ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ბოდიში უნდა მოუხადოს პირველ რიგში ბატონ კახა ოქრიაშვილს, რომ მას დასწამა ცილი. თუნდაც მართლა რომ ყოფილიყო ასეთი ერთი შემთხვევა, ის განაზოგადა და პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენა“, – თქვა რომან გოცირიძემ.