გოცირიძე სიძულვილის კანონზე: ეს არის რუსული კანონი 2, განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ

პუბლიკა

დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ევროოპტიმისტები” სიძულვილის კანონის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საქმე ეხება მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს „ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ”, რომელიც ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელია.

„ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის “რუსული კანონი 2″. პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი. ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება” იმეორებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, მათ შორის, იგივე თუნდაც, „აგენტების რუსული კანონის” სახით.

ეს ემსახურება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გრძნობებზე თამაშს, არარსებული პრობლემების გამოგონებას და არსებული უმძიმესი, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას. უნდათ, ხალხმა ყურადღება გადაიტანოს იმ საკითხებზე, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს პრობლემას. არ გაუვათ ეს პროპაგანდისტული ხრიკები. პუტინის გზას დამდგარ “ქართულ ოცნებას” პუტინის ამ პროპაგანდისტული კანონის გავრცელებაში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ. “რუსული კანონი 2″, რა თქმა უნდა, იქნება, ასევე, ვეტოდადებული, დარწმუნებული ვარ ამაში”. – თქვა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა სიძულვილის კანონის საკომიტეტო განხილვა დღეს, 20 ივნისს დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და ასევე, ოთხი კომიტეტის: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ოთხივე კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.