გოგა რაზმაძის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მისი საქმის წარმოება შეწყვიტა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, გოგა რაზმაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა იმ საქმის წარმოება შეწყვიტა, რომლითაც რაზმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა.

რაზმაძე ომბუდსმენის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთებას „სამარცხვინოს” უწოდებს.

„სახალხო დამცველმა ბატონმა ლევან იოსელიანმა შეწყვიტა ჩემი საქმის წარმოება, რომელშიც შსს-ს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს ვედავებოდი ჩემს მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მთელი პროცესის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი მაშინდელი აღქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ საჯაროდ პრეტენზიები არ გამომეხატა და დავლოდებოდი საქმის შესწავლის შედეგებს.

ივლისის თვეში, გენერალურ ინსპექციაში ჩემ მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სახალხო დამცველს შეხვედრა ვთხოვე. ბატონი ლევანი დამპირდა შეხვედრას, თუმცა ჩემთვის ვერ მოიცალა, რასაც მალევე ჩემი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაბარება მოჰყვა ( ვერ/არ დამიცვა). თუმცა, ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს), სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს განიხილავდა.

აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ „ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს”. ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს „მჭიდრო თანამშრომლობის” საუკეთესო მაგალითი.

რაც შეეხება საქმის შეწყვეტის დასაბუთების ნაწილს, სახალხო დამცველის აპარატის არსებობის ისტორიაში დისკრიმინაციის შემთხვევაზე მსგავსი სამარცხვინო დასაბუთება არადროს დაწერილა“, – წერს რაზმაძე.

მისივე ინფორმაციით, იოსელიანმა საქმის შესწავლისას რაზმაძის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ასევე, არ გამოკითხა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მოწმე პირები.

რაზმაძე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი, რომელიც მოპასუხეს ეკისრება, მას, ანუ განმცხადებელს დააკისრა.

„სახალხო დამცველს გადაწყვეტილებაში აღნიშნული აქვს, რომ განმცხადებელს მხოლოდ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება, რომელიც შექმნის ვარაუდს დისკრიმიანციის თაობაზე, რის შემდეგაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. თუმცა სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი ამ საქმეში მე – განმცხადებელს დამაკისრა.

სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლისას არ დააკმაყოფილა არც ერთი ჩემი მოთხოვნა/შუამდგომლობა. კერძოდ, არ გამოკითხა არც ერთი პირი, რომელიც ჩემი მითითებით იყო დისკრიმინაციის მოწმე, არ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმისთვის და რომლის გამოთხოვის კანონისმიერი შესაძლებლობა მე არ მქონდა.

გადაწყვეტილების „დასაბუთებისას“ სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის და დეპარტამენტის დირექტორისა, გიორგი ოსაძის პოზიციების 100%, რომელთა გასაბათილებლად წარვადგინე დაახლოებით 500 გვერდი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა 1%-იც არ გაიზიარა ლევან იოსელიანმა”, – წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.

გოგა რაზმაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შსს-ს ყველა თანამშრომელს აჩვენა, რომ აზრი არ აქვს სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე საუბარს და სიმართლისთვის ბრძოლას. რაზმაძე წერს, რომ ის დანებებას არ აპირებს.


12 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ვრცელი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

გოგა რაზმაძე წერდა, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობს და ამ დეპარტამენტში ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კურატორად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა. მისი ინფორმაციით, როდესაც მან თავისი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს, 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

გოგა რაზმაძე ჰყვება, რომ მას სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში „საქმეს ურჩევდა“  შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი.

რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების განადგურების თავიდან ასაცილებლად.

28 ივლისს კი, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.