გოგაშვილი წერილს აქვეყნებს, რომელშიც შს მინისტრთან ტელეფონზე საუბრის შესახებ ჰყვება

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი  წერილს აქვეყნებს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან საუბრის დეტალებს ჰყვება.

გოგაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურსა და მას შორის ხმამაღალი და დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც შს მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა და რასაც ეტყოდნენ, იმას არ გააკეთებდა მას გაანადგურებდნენ და „ოჯახს ამოუწყვეტდნენ“.

გოგაშვილის მტკიცებით, რომ გომელაურმა მასთან საუბარში ახსენა ყოფილი პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია და ჰკითხა, რატომ არ უჩნდება კითხვა, „თუ რატომ არ შეუვარდნენ და არ ჩაუდეს კვირიკაშვილსა და გახარიას“.

სოსო გოგაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩემი შემოსვლისთანავე მე განმიმარტეს, რომ მქონდა უფლება კვირაში ორჯერ – ხუთშაბათისა და კვირის დღეებში 09:30-დან 18:30 საათების შუალედში მესარგებლა საშხაპით. ბუნებრივია მე ვსარგებლობდი აღნიშნული უფლებით კანონით დადგენილი წესით, რისთვისაც მე მჭირდება დაახლოებით 15 წუთი.

მიმდინარე წლის 28 ივლისს, ხუთშაბათ დღეს, დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ საკნის კარი გააღო ბადრაგმა და მითხრა, რომ შემეძლო მესარგებლა საშხაპით.

მე ავიღე ჩემი ნივთები და გავემართე საშხაპისკენ, რომელიც მდებარეობს ჩემი საკნის მოპირდაპირე მხარეს, მარჯვნივ დაახლოებით 5 მეტრში, 312-ე საკნის მოპირდაპირედ. ამ წერტილს აკონტროლებს დერეფანში განთავსებული 7 სამეთვალყურეო კამერა.

დამატებით 2 კამერა განთავსებულია უშუალოდ ჩემს საკანში. საშხაპის კარები იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე.

მან ხელი ჩამომართვა, მომესალმა, ახლოს მოიწია და დაბალ ხმაზე მითხრა: არ აღელდე, მშვიდად იყავი, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ წახვალ დარეკავს და უპასუხე.

ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ბუნებრივია ავღელდი, რაც მოდებაძემ შემატყო და მთხოვა, რომ არ მეყვირა და ტელეფონი არ დამემტვრია.

ორივე შევედით საშხაპეში, მან მაჩვენა ტელეფონი, რომელიც იდო ფანჯრის ე.წ. ,,რაფაზე’’, თავად გავიდა შეტყობინების გასაგზავანად გასახდელში და მე დავრჩი საშხაპეში.

ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური. ჩვენს შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, მან გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ.

ვახტანგ გომელაურმა განმიმარტა, რომ ეს ყველაფერი, რაც 16 ივლისიდან ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა, იყო შედეგი ჩემი მედიითა და სოც. ქსელებით აქტივობისა ოცნების წინააღმდეგ და ასევე ჩემი ურთიერთობისა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აშშ-ს საელჩოსთან და ევროკავშირის მისიასთან.

მან მითხრა, რომ რატომ არ მიჩნდება კითხვა, თუ რატომ არ შეუვარდნენ და არ ჩაუდეს კვირიკაშვილსა და გახარიას, მე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ყველაფერი ჩემი საქციელის გამო გამიკეთეს.

საუბარი გაგრძელდა მინიმუმ 30 წუთი, რადგან ტელეფონი გაითიშა და ვახტანგ გომელაურმა თავიდან გადმორეკა. საუბრის ბოლოს მან მითხრა, რომ ხვალ კიდევ დამირეკავდა ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება.

დავამთავრეთ საუბარი, გამოვედი გასახდელში და ვიყავი ძალიან აღელვებული, რაც შემატყო მოდებაძემ. მე ნელ-ნელა ვაანალიზებდი საუბრის შინაარსს. ძალიან ძნელია, როდესაც ოჯახის ამოწყვეტით გემუქრება საქართველოში ყველაზე მდიდარი და ყოვლისშემძლე ადამიანი.

მოდებაძემ შემატყო რა ჩემი ემოციური მდგომარეობა და შემომთავაზა დერეფანში ცოტახნით გაგვესეირნა. ჩვენ გავემართეთ დერეფნის ბოლოსკენ, სადაც შედარებით დიდი სივრცეა, ზურა ჩემს დასამშვიდებლად სხვადასხვა ყოფით საკითხებზე მესაუბრებოდა.

შინაარსი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა ერთადერთი რაც დამამახსოვრდა, მან მითხრა, რომ მასაც კახეთში ჰქონდა სოფელი და ეს სოფელი იყო ბალღოჯიანი.

გარკვეული პერიოდი ჩვენ დავყავით ერთად და ისევ გავემართეთ საშხაპისკენ. ამჯერად მე მეორედ შევედი საშხაპეში და ვისარგებლე კუთვნილი შხაპით.

მეორე დღეს პარასკევს, 29 ივლისს, მე აღარ მიწევდა გრაფიკით საშხაპეში გასვლა, მაგრამ დაახლოებით 15:00 საათზე ჩემი საკნის (306) კარი გააღო ზურა მოდებაძემ და მითხრა, რომ საშხაპეში გავყოლოდი.

როგორც მახსოვს, დერეფანში ბადრაგი აღარ იყო. ჩვენ ორივე შევედით საშხაპეში, როგორც წინა შემთხვევაში, ზურა მოდებაძე დარჩა საშხაპეში ხოლო მე ავიღე ტელეფონი და ცოტახანში ტელეფონზე დამირეკა ვახტან გომელაურმა და მითხრა, თუ რა გადავწყვიტე.

ასევე დამისახელა მათი პირობები: უნდა გამეჩერებინა ყველანაირი აქტივობა ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან, უნდა მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით, ჩემი მხრიდან უარის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამაფრთხილა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე.

მე ვუთხარი, რომ ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან გასაუბრების გარეშე ვერ მივიღებდი, რაზეც მან მითხრა, რომ ხვალვე შემახვედრებდა ოჯახის წევრებს და დაველაპარაკებოდი მათ.

ამით დასრულდა მეორე საუბარი ჩემსა და ვახტანგ გომელაურს შორის. მე გამოვედი გასახდელში, ტელეფონი გადავეცი მოდებაძეს, რადგან საშხაპეში იყო აუტანელი სიცხე თან ნერვიულობისგან ვიყავი სველი.

ზურამ შემომთავაზა მიმეღო შხაპი რაზეც დავთანხმდი, საკნიდან ავიღე ჩემი ნივთები და შევედი საშხაპეში. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, თუმცა ეს იყო მანამდე ვიდრე ჩემს ოჯახის წევრებს შემახვედრებდნენ, ზურა მოდებაძე შემოვიდა ჩემთან საკანში, გამაცნო თავის მოადგილე გვარად ხარიტონაშვილი და მითხრა, რომ მისი არ ყოფნის შემთხვევაში მასთან მექნებოდა საქმე.

შაბათს, 30 ივლისს მე საღამოს საათებში არასამუშაო დღეს გამომიყვანეს საკნიდან და პირველ სართულზე დამახვედრეს ჩემი მეუღლე და სამი შვილი. მე ვერ გადმოგცემთ ჩემს მონატრებულ ოჯახთან შეხვედრის ემოციას, მძიმე პირველი წუთების გასვლის შემდეგ მე მათ ყველაფერი მოვუყევი, მათგან მივიღე სრული მხარდაჭერა და შევთანხმდით, რომ გაგვეგრძელებინა ბრძოლა.

ჩემი ოჯახის წევრები დაახლოებით 20:30 საათზე გავიდნენ ჩემგან. მე ისინი გავაფრთხილე, რომ ცოტა ხნის განმავლობაში არაფერი არ მოემოქმედათ, რადგან მჭირდებოდა დრო მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესაგროვებლად.

მეორე დღეს კვირას, 31 ივლისს მე მიწევდა საშხაპეში შესვლა გეგმიურად რითაც მე ვისარგებლე, მაგრამ სატელეფონო საუბარი აღარ შემდგარა და საშხაპეში მხოლოდ ბადრაგმა გამიყვანა, მე იქ დავყავი მხოლოდ 15 წუთი.

1 აგვისტოს, ორშაბათს მე აღარ მიწევდა საშხაპეში გასვლა, მაგრამ გვიან 21:00 საათზე საკანში შემოვიდა #12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გვარად ხარიტონაშვილი (დერეფანში ბადრაგი არ იდგა) რომელმაც მითხრა, რომ გავყოლოდი საშხაპეში.

შევედით ორივე საშხაპეში მან ხელში მომაწოდა იგივე ტელეფონი (სამსუნგის ფირმის) თვითონ დარჩა გასახდელში, ვინაიდან საშხაპეში იყო ძლიერი ორთქლი მე ხარიტონაშვილს ვუთხარი რომ გასახდელი ოთახიდან ვისაუბრებდი ტელეფონზე.

ხარიტონაშვილმა მითხრა, რომ წინა დღით პატიმარს დარჩენია მოშვებული ცხელი წყლის ონკანი და ამიტომ იყო ასეთი გაუსაძლისი სიცხე და ორთქლი.

ხარიტონაშვილმა უარი მითხრა, რომ მესაუბრა გასახდელში ვინაიდან დერეფანში გადიოდა ხმა და არ უნდოდა სხვა პატიმრებს გაეგო. ტელეფონმა მალე დარეკა, მე შევედი საშხაპეში სასაუბროდ რა თქმა უნდა ისევ მესაუბრებოდა ვახტანგ გომელაური მან მითხრა: თუ რა გადავწყვიტეთ მე და ჩემმა ოჯახმა, მე ვუთხარი რომ ვესაუბრე ოჯახს და მათგან ველოდებოდი პასუხს რაზეც მან მითხრა რომ დაახლოებით ორ დღეში კიდევ შემომიყვანდა მათ ციხეზე და საბოლოო პასუხი ამ კვირაშივე მეთქვა რადგან პროკურატურის წარმომადგენლები მალე უნდა შემოსულიყვნენ ჩემს დასაკითხად. საუბარი იყო ხანმოკლე ტელეფონის გათიშვის შემდეგ.

მე გავაგრძელე ხმამაღლა საუბრის იმიტაცია რა დროსაც მე დავაფიქსირე თუ რა ნომრიდან ირეკებოდა ასევე რა სიმბარათი (რა ნომერი) იდო ჩემს ხელთ არსებულ ტელეფონში. ასევე გამოვიყენე წებოვანი ფირი ანაბეჭდისთვის. აღნიშნულის შემდეგ მე გავედი გასახდელ ოთახში და ტელეფონი გადავეცი ხარიტონაშვილს.

ვინაიდან მე ვიყავი სველი ორთქლის გამო მან მითხრა, რომ ამეღო ჩემი ნივთები და მიმეღო შხაპი, მე დავბრუნდი ჩემს საკანში ავიღე პირადი ნივთები და მეორედ დავბრუნდი საშხაპეში, გამოვედი დაახლოებით 10 წუთში საკანში, მაგრამ გავხდი შეუძლოდ ემოციური ფონისა და საშხაპეში არსებული ტემპერატურის გამო, რის შემდეგაც ბადრაგს ვთხოვე ჩავეყვანე სამედიცინო პუნქტში მე-2 სართულზე, სადაც დამიფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა.

სამედიცინო პუნქტში ვიმყოფებოდი 21:40 საათზე. 03 აგვისტოს დაპირებისამებრ ჩემთან მეორედ შემოუშვეს მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი და ჩემი შვილი ნინო გოგაშვილი. მე ისინი გავაფრთხილე ყველა მოსალოდნელ საფრთხეზე, ასევე ვუთხარი, რომ ყველა მტკიცებულება შეგროვებული მქონდა და რომ გავაგრძელებდით ბრძოლას.

04 აგვისტოს მე გეგმიურად ბადრაგმა გამიყვანა საშხაპეში რითაც ვისარგებლე ხოლო პარასკევს, 05 აგვისტოს 17:00 საათზე ხარიტონაშვილმა ბადრაგის გარეშე შემიყვანა ისევ საშხაპეში რა დროსაც ჩემთან მეოთხედ ისევ განხორციელდა ზარი, რა დროსაც ვახტანგ გომელაურმა მკითხა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ჩვენ მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს არ მივიღებდით, მოვთხოვე, რომ მე ცნობილი უნდა ვყოფილიყავი დაზარალებულად და უნდა დაესაჯათ ყველა ის პირი, ვინც 16 ივლისს ჩემს სახლში ჩადო იარაღები, ე.წ. “ფლეშკები”, მყარი დისკები, ლეპტოპი და სხვა მატერიალური დოკუმენტაცია.

ვახტანგ გომელაურმა მიპასუხა, რომ მე ვუშვებდი ძალიან დიდ შეცდომას და ამის შედეგებს ძალიან მალე დავინახავდი. მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი“,- წერს წერილში გოგაშვილი.