სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე კაციტაძემ განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის მიმართ განხორციელებულ ოპერაციაში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მისი თქმით, გამოძიება გუშინ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, რომელშიც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება იქ ჩატარებული ღონისძიების დროს. დავიწყეთ გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებებთან დაკაშირებით”, – განაცხადა მან.
სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს თავისსავე სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობას ედავება.
ოჯახი სოსო გოგაშვილის დაკავებას მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
ადვოკატის თქმით, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე გამოქვეყნდება.
15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, რომ ის ფლობდა უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, მიაწოდა მედიას, NGO-ებს, ელჩებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს“, – ამბობდა ის.