გოგაშვილის მიწოდებულ ფაილებთან დაკავშირებით პროკურატურაში გიორგი ონიანი გამოიკითხა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი მთავარ პროკურატურაში გამოიკითხა.

საქმე ეხება „სამართლიანი არჩევნების“ და „გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მომზადდა და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების გზებს შეეხება.

გიორგი ონიანი მედიასთან აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას ყველა ინფორმაცია მიაწოდა და მოლოდინი შეექმნა, რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.

ონიანი ამბობს, რომ მასალები სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის წარმოების საფუძველი შეიძლება გახდეს.

„საინტერესო იყო ის, რომ გაუგებარი მიზეზის გამო ჩვენ მიერ მიწოდებული მასალები ვერ გახსნეს, ვერ წაიკითხეს. ამას კიდევ ერთხელ მივაწოდებთ“, – განაცხადა ონიანმა.

პროკურატურაში ხვალ გამოიკითხება „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ნინო დოლიძე.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ორგანიზაციები წერენ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში გადაამოწმეს წარმოდგენილი გარემოებები და მამხილებლის მიერ გადმაცემული დოკუმენტები, რომლებიც, ძირითადად, შეადგენდა 2018-2019 წლებში, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე securgd@gmail.com მიღებულ და ამავე მისამართიდან გაგზავნილ კორესპონდენციას.

ორგანიზაციების ცნობით, ფაილებში იყო დოკუმენტები, რომლებიც უფრო გვიანდელ პერიოდს, კერძოდ, 2020 წელს ეხებოდა.