სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აპირებდა.
„დიპლომატიურ კორპუსს ყველაფერი აქვს, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირსაც და ამერიკისაც. თავიდან ბოლომდე აქვთ. არ არის გამორიცხული (ამას უკავშირდებოდეს დაკავება) მაგათ ტვინში რა მოიხარშება, არ ვიცი.” – განაცხადა სოსო გოგაშვილის შვილმა.
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც – სასტუმროშიც და სახლშიც. სუს-ის წარმომადგენლები გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლშიც შევიდნენ და გაჩხრიკეს.
„დაასრულეს ჩხრეკა, Wi-Fi-ს როუტერი მიაქვთ და ჩემი ლეპტოპი, ოღონდ, ვერ ვხვდები, ჩემი ლეპტოპი რატომ მიაქვთ, იმიტომ, რომ არ ვცხოვრობ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, დამოუკიდებელი, სრულწლოვანი ადამიანი ვარ და მაინც მიაქვთ ლეპტოპი” – ამბობს ნინი გოგაშვილი.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.
15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, „უცნობის“, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც “მთავარი არხის” რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ მასალას შეეხება.
„ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით.
ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს. 2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ.
სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს“, – წერს გოგაშვილი.