გოგაშვილის თქმით, გომელაურმა საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინა და აწამებინა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ამჯერად მისი მიმართვის მთავარი ადრესატი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია.

ის ამბობს, რომ მინისტრმა საკუთარი ქალიშვილის საქმრო, ეთნიკურად ქურთი, გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გააძევა, რადგან „ოჯახში ქურთის შეშვება არ უნდოდა”.

ასევე წერს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე თავდასხმის შესახებ, გოგაშვილი განცხადებით იგი ფარცხალაძის ბანდამ სცემა ტელეფონზე ივანიშვილის გინების გამო. გოგაშვილი ახსენებს მუხთარლის საქმესაც.

გთავაზობთ განცხადებას:

„ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათაშორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო.

1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო 2) ბიძინას დავალება – მუხთარლის სუსის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც ასევე ოტომ წაშალა.

მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი. შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ. ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000 კაციანი შსს გიჭირავს ხელში.

შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის?

მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა.

იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ?

ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!” – წერს გოგაშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და მათ კომენტარს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.