გოგაშვილს ციხეში გომელაური დაუკავშირდა და ის დაემუქრა - გოგაშვილის ადვოკატები

პუბლიკა

სოსო გოგაშვილის ადვოკატების განცხადებით, სოსო გოგაშვილს ციხეში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და პირადად დაემუქრა.

გოგაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ გომელაური სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს პირველად 28 ივლისს დაუკავშირდა.

„გაიყვანეს ე.წ საშხაპეში, სააბაზანო ოთახში, მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და იოსებ გოგაშვილს ეპასუხა აღნიშნული ტელეფონისათვის

მართლაც, რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა ტელეფონს და მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი, მათ შორის, იყო საკმაოდ დაძაბული და ძირითადად, შეეხებოდა მუქარებს – იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა ის ფაქტორი, თუ რა შეიძლება დამართნოდა როგორც იოსებ გოგაშვილს, ასევე მის ოჯახს, ახლობლებს და ა.შ.

ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ გოგაშვილს მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გააჟღერა დაკავების შემდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით.

ამ საკითხებზე იგივე წესით იოსებ გოგაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა მეორე დღესაც. მეორე დღეს მოთხოვნა იყო, რომ გაჩუმებულიყო იოსებ გოგაშვილი და მისი ოჯახის წევრები. პირველი მოთხოვნა იყო ისევ ის, რომ იოსებ გოგაშვილის მანამდე გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით მიეწოდებინა მათთვის სასურველი ინფორმაცია.

მეორე დღეს, რადგან აუცილებელი იყო არამარტო იოსებ გოგაშვილის, არამედ მისი ოჯახის წევრების გაჩუმებაც, დაჰპირდნენ იოსებ გოგაშვილს, რომ მასთან მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეიყვანდნენ ოჯახის წევრებს, რათა დალაპარაკებოდა იოსებ გოგაშვილი გაჩუმების თაობაზე და დაეყოლიებინა“, – აცხადებენ გოგაშვილის ადვოკატები.

ადვოკატები მიუთითებენ, რომ გოგაშვილს ოჯახის წევრების ნახვის უფლება კანონიერად არ ჰქონდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის დათანხმდა ხელისუფლების შეთავაზებას, მათ ოჯახის წევრებთან ორი პაემანი მოუწყეს.

თუმცა, ადვოკატების თქმით, გაჩუმებაზე დაყოლიების ნაცვლად, გოგაშვილმა ოჯახის წევრებთან შეხვედრისას უთხრა, რომ „აპირებდა ბრძოლას და სიმართლის დამტკიცებას“, რაზეც ოჯახისგან მხარდაჭერა მიიღო.

ასევე, ადვოკატების განცხადებით, გოგაშვილმა გომელაურთან საუბრის გარკვეული მტკიცებულებები უკვე მოიპოვა.

„ჩვენთვის დღეს ცნობილია, თუ რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და ასევე, თუ რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც იგი პასუხობდა შინაგან საქმეთა მინისტრს.

უფრო მეტიც, იოსებ გოგაშვილმა შეძლო და მოიპოვა შემდეგი მნიშვნელოვანი მტკიცებულება. მან მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის მეშვეობით, ე.წ. სკოჩით მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. ანუ წებოვანი ლენტი გამოიყენა, როგორც დაქტილოსკოპი.

ის გამოტანილია უკვე საკნიდან და თუკი ვარგისი იქნება იდენტიფიცირებისთვის, ჩვენ, ადვოკატები, შევეცდებით, რომ ჩავატაროთ შესაბამისი ექსპერტიზა და დავადგინოთ, ვის ეკუთვნოდა მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული თითის ანაბეჭდები“, – აცხადებენ გოგაშვილის ადვოკატები.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა ციხიდან მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო. გოგაშვილი წერდა, რომ მას მოსთხოვეს ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენება მიეცა, თუ არადა, მას და მის ოჯახს გაანადგურებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსანი დახმარებისთვის სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს თავისსავე სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობას ედავება.

ოჯახი სოსო გოგაშვილის დაკავებას მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადასტურებდა, რომ ის ფლობდა უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, მიაწოდა მედიას, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.