გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულს დამნაშავის შეპყრობისთვის ზომის გადაცილებით მკვლელობის მუხლით წარედგინა ბრალი

პუბლიკა

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გიჩო მარგველაშვილი და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.

გამოძიების ვერსიით, გიჩო მარგველაშვილს მიუახლოვდა საბა გახოკია და ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხებში რამდენჯერმე ესროლა. გიჩო მარგველაშვილი დაეცა, გახოკია მას მიუახლოვდა და ფეხებში ისევ ესროლა. გახოკიამ მარგველაშვილს ყველა დაზიანება ქვედა კიდურებზე მიაყენა და მიმალვა სცადა.

„მიუხედავად იმისა, რომ გახოკიამ შეწყვიტა სროლა მარგველაშვილის მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული “გლოკ 17”მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყება სასამართლოს მის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.