გოგი თოფაძემ „ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებას“, სექტემბრის მონაცემებით, 175-მდე ფიზიკურმა პირმა შესწირა თანხა.

შემწირველებს შორის არიან: ბიზნესმენი გოგი თოფაძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი, თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, შპს „სილქ როუდ გრუპის” დირექტორი მამუკა შურღაია და სხვა.

გოგი თოფაძემ პარტიას 60 000 ლარი შესწირა 9 სექტემბერს. მან ამდენივე შესწირა „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს. ბიზნესმენი 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.

ახალციხე, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა პარტიას სექტემბერში 60 000 ლარი შესწირა. ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია.  შპს ,,გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია.

თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ბაჩიაშვილმა, „ქართულ ოცნებას“  60 000 ლარი შესწირა. მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს შესწირა, ასევე, 60 000 ლარი. გიორგი ბაჩიაშვილმა 2013 წელს დააფუძნა თანაინვესტირების ფონდი და 6 წელი იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზეა.

შპს. „სილქ როუდ გრუპის“ დირექტორმა, მამუკა შურღაიამ პარტიას სექტემბერში 60 000 ლარი შესწირა. ის შემწირველების სიაში პირველად დაფიქსირდა.