პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. გოგი წულაიას თქმით, პოლიცია მას სასამართლოსთან გამართული პერფორმანსის დროს ბილწისტყვაობას ედავება. კერძოდ, მოსამართლემ ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე დააჯარიმა.
„თითქოს ვარღვევდი საზოგადოებრივ წესრიგს, უმისამართოდ ვიგინებოდი და შევაწუხე მოქალაქეები. მოსამართლემ დაარტყა ჩაქუჩს ხელი და 500 ლარით დამაჯარიმა, რა თქმა უნდა, ამას მე გავასჩივრებ. ამით კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ პოლიტიკურ აქტივობას თავი დავანებო”, – უთხრა „პუბლიკას” გოგი წულაიამ.
გოგი წულაიამ მერიასთან ცეცხლის დასანთებად შეშა 13 თებერვალს მიიტანა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.
წულაიას პერფორმანსი სახელწოდებით – „მოდით და გათბით” ქალაქში ბუნებრივი აირის გამორთვას ეხმაურებოდა.