საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პოლიტიკოს გოგი წულაიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგარი ქმედებისთვის ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
გოგი წულაიას საქალაქო სასამართლომ განაჩენი წინა კვირას გამოუტანა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) ედავებოდა.
სასამართლოს განაჩენით, წულაია სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლში გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობის მუხლით (126-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გოგი წულაიას ადვოკატის ინფორმაციით, ის ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მიღებას გეგმავს. წულაიას აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმროში 4 თვე უკვე აქვს გატარებული. ის გირაოს 6000-ლარიანი სანაცვლოდ ივლისში გათავისუფლდა.
გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხევდრაზე გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.