გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლის მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, პოლიტიკოს გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა წულაიასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ წულაიას ბრალდების დასადასტურებლად საქმეში მტკიცებულებები არ არის.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ბრალდება არ ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და საქმეში არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, „ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული“.

გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს პროკურატურამ მას ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ადანაშაულებს.

პროკურატურის ვერსიით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დაზარალებულ ქალთან ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.