შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ დაუკავებიათ ამ დრომდე 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორები, მათ შორის, ზურაბ მახარაძე და გურამ ფალავანდიშვილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია და „დაკავების სტანდარტები“ თუ არ იქნება, უწყებას არ აქვს უფლება ადამიანი დააკავოს.
„რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯის თემას, გამოძიება დაწყებულია, თუმცა სტანდარტები თუ არ გამოიკვეთა დანაშაულის და დაკავების სტანდარტები თუ არ იქნება, მე რა უფლება მაქვს, რომ დავაკავო ადამიანი?“, – განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტებმა გომელაურს ასევე ჰკითხეს, არის თუ არა მისთვის პრიორიტეტული აღნიშნული საქმე.
„პრიორიტეტი არის ძალიან… ვგმობ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ასეთი რაღაც მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში. არც ისეთი პატარა ვარ, რომ ასეთი რაღაც არ მახსოვდეს. მართლა არ მახსოვს ჟურნალისტებზე თავდასხმა, ძალიან მძიმე ძალადობა და კიდევ ერთხელ ვგმობ“, – განაცხადა გომელაურმა.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.