შსს მინისტრი მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა და მას მონაწილეობა არ მიუღია.
„მე ძალიან მოკლედ გეტყვით ჩემს პასუხს ამ კითხვაზე. უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და მე ვფიქრობ, მთელი საქართველო. ეს თემა საერთოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ განიხილოს. ჩემზე არ ვამბობ, საერთოდ ვინმემ, რომ განიხილოს ეს თემა – პატრიარქის გადაყენება-არგადაყენება. არ შემდგარა ასეთი შეხვედრა, ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ მე“. – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ის პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტში ესწრებოდა შეხვედრას, გომელაურისა და გახარიას მონაწილეობით, რომელზეც პატრიარქის გადადგომაზე საუბრობდნენ. „გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო“ – თქვა იაკობმა.
მეუფე იაკობის განცხადებას მეორე დღესვე გამოეხმაურა პრემიერი გახარია და განაცხადა, რომ აღნიშნულზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„როგორ უნდა გავაკეთო ამაზე სერიოზული კომენტარი? სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ: პატრიარქი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში არის წარსულის, დღევანდელობისა და მომავლის სიმბოლო. ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. რატომ აკეთებს მეუფე ასეთ განცხადებებს, მას ჰკითხეთ. სისულელეებზე ნუ მეკითხებით“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდნენ ოპოზიციის წევრთა წარმომადგენლები, თუმცა დღეს 30 ოქტომბერს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადებაში ის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.