შინაგან საქმეთა მინისტრმა კარტოგრაფების საქმის მიმდინარეობაზე როსტომ ჩხეიძის დასმულ კითხვას – როგორ მიმდინარეობს გამოძიება – უპასუხა, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს.
„პროკურატურა იძიებს ამ საკითხს და მე ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, ინფორმაცია მაქვს რაღაც დოზით, ბოლომდე არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაა და სადამდეა გამოძიება მისული“, – განაცხადა გომელაურმა.
როსტომ ჩხეიძემ მინისტრს, ე.წ., კარტოგრაფების საქმეზე ჰკითხა – როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება და ესაუბრება თუ არა ვინმე აზერბაიჯანს ამ უმწვავეს საკითხზე.
„არ არის დასავიწყებელი კარტოგრაფების საქმე, მაშინ, როდესაც ადამიანები დააკავეს და როგორც გვიმტკიცებდნენ, რომ ეს მოიმოქმედეს რუკების საფუძველზე, რაიმე წინსვლა თუ გვაქვს ამ მიმართულებით. ვინმე მაინც თუ ესაუბრება აზერბაიჯანის მხარეს ამ მწვავე და დროულად მოსაგვარებელ საკითხზე. თუ ვაღიარებთ, რომ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მოტივებით იყო განზრახული.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდგომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამ საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს ფსევდოეროვნული განცხადებები და ეს იმ დროს, როცა დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად არც კი ჰქონდათ წარდგენილი.
თუ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრების დადგენა მართლა გაინტერესებთ, ნახეთ პავლე ინგოროყვას „გიორგი მერჩულე“ და „რუსთველიანა“. ეს ნაშრომები გამოგადგებათ საუკეთესო გზამკვლევად ამ საკითხშიც და საერთოდაც საქართველოს გეოპოლიტიკაზე მსჯელობისას. დაბოლოს, ასე უეცრად და ბუნდოვნად რატომ დაასრულეთ პროპაგანდისტული ლოზუნგი გარეჯი საქართველოა“, – განაცხადა ჩხეიძემ.