შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების სანქცირებული თანამშრომლები, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მილერი ლაგაზაური ხელფასს „ჩვეულებრივად იღებენ“.
„ტვ პირველის” ჟურნალისტმა ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, როგორ იღებენ ხელფასს, როცა მათ ფინანსური სანქციები აქვთ დაწესებული.
„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს. ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს”. – თქვა გომელაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხელზე იღებენ თუ არა ხელფასს შსს-ის სანქცირებული თანამშრომლები, გომელაური პასუხობს:
„ბანკში მარტო „ვიზა” ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს [რომელი ბანკი ემსახურება]? არ ვიცი, მე არ ვარ ვალდებული, ყველა თანამშრომელზე ვიცოდე, რომელ ბანკში იღებენ. ეგ არის ინდივიდუალური, თუ მინდა, ავიღებ ერთ ბანკში, თუ მინდა – მეორეში, თუ მინდა – მესამეში. არ ვიცი რომელ ბანკში იღებენ“. – განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა თავად, რომ იქნება აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში იქნება, მინისტრმა უპასუხა:
„მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, მე ჩემი სამშობლოს გულიზე ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის. იმედი მაქვს, შეცდომაა, გაირკევა და მოიხსნება ეს ყველაფერი”. – თქვა ვახტანგ გომელაურმა.
2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს” ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირები დასანქცირდნენ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.
ამასთან, ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალადობრივი ქმედებების სამიზნეები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები – ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური.