შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აქციაზე დაკავებული ქალის, ნათია ძიძიგურის მიერ პოლიციელების მიმართ გამოთქმულ სექსუალური შევიწროების ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ ეს „სამარცხვინო ბრალდებაა”.
მისი თქმით, ასეთ ფაქტს ის ერთი პროცენტითაც კი არ უშვებს და ამბობს, რომ ბრალდება მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცონ.
„ასეთი რამ მართლა არ გამიგია. არ ვიცი როგორ ვთქვა, ასეთი საქციელი, ბრალდება არასდროს ყოფილა ელემენტარულად. მუხლებზე დამაყენესო, მკვლელებს და რეციდივისტებს არ ვექცევით ასე რომ ვაკავებთ ხოლმე. ახალგაზრდა გოგოა, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ასეთი სისულელეები, ქართველმა პოლიციელებმა აიყვანეს, მუხლებზე დააყენეს და მიჰყავდათ. დაამტკიცონ. ასე მეც შემიძლია დაგაბრალოთ თქვენ, რომ მოხვედით ჩემს სახლში, აწამეთ ჩემი შვილი, ხომ უნდა დავამტკიცო ელემენტარულად? მან უნდა დაგვიმტკიცოს ჯერ ბრალდება.
1%-საც არ ვუშვებ, რომ ასეთი რამ მოხდა. მართლა ამაზრზენია. ისეთი ბრალდებაა, რომ ელემენტარულად, მე თვითონ მრცხვენია. ასეთი ბრალდება საიდან მოიგონეს, ძალიან ცუდი თემაა. როგორც შს მინისტრი და როგორც თუნდაც მოქალაქე ვამბობ, ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ. უმძიმესი, რაც იყო, თუნდაც 2012 წლამდე, მაშინაც არ დავუშვებ ასეთ რამეს“, – განაცხადა გომელაურმა.
19 ნოემბერს, თსუს-თან საპროტესტო აქციის დარბევისას დაკავებულმა ქალმა ნათია ძიძიგურმა ტელეკომპანია „ფორმულასთან” დაკავების დეტალებზე ისაუბრა. მან პოლიციელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა იზოლატორამდე მთელი გზა მუხლებზე დაყენებული ატარეს.
„აქციის დროს ტროტუარზე ვიდექი და დავინახე, როგორ მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, თმებში ჩაფრენოდნენ 10 პოლიციელი. მივუახლოვდი და ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ჩემს მიმართ, პირდაპირ გინებაზე გადმოვიდა და მაშინვე ჩამსვა დაკავების მანქანაში.
დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექსუალური შევიწროება. ისინი დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და შეურაცხმყოფლად მომმართავდნენ. მუხლებზე დამაყენეს მანქანის იატაკზე, მიუხედავად იმისა, რომ უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა. ვთხოვდი, რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა ისინი უარს ამბობდნენ.
ამავდროულად, ვცდილობდი ამეხსნა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევით გადავაადგილდებოდი, მაგრამ პასუხად ირონიული რეპლიკები მომდიოდა: „ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ?“, „ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთ“. მთელი გზა მუხლებზე ვიდექი და ასე გადამიყვანეს”, – განაცხადა მან.
ნათია ძიძიგური იხსენებს, რომ დაკავების ოქმზე ხელი მოაწერეს სხვა პატრულ-ინსპექტორის, ქალის სახელით, თუმცა იგი სხვამ დააკავა, მისი ფოტოც აქვს და ამოცნობაც შეუძლია.