შს მინისტრობის კანდიდატმა, ვახტან გომელაურმა 19 ნოემბრის აქციის დაშლის დროს „მთავარი არხის” ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო და „დაველოდოთ”.
გომელაურის განცხადებით:
„რაც შეეხება ოპერატორის დაკავებას, ადმინისტრაციულად დააკავეს და ამაზე მიდის საქმე, სასამართლოშიც გადავა. იყო, რომ თითქოს არასწორად დააკავეს, შემთხვევით. ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ და ვერ გეტყვით ზუსტად.
შეხლა-შემოხლა იყო, ჩანს კარგად, ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს და ზუსტად იქ იდგა ეს ადამიანიც.
მე არ ვიძახი, რომ ეს ადამიანი ურტყამდა ჯოხს, ამას არ ვიძახი.ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ გეტყვით შეცდომა იყო თუ არ იყო. გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ.
თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, პასუხს ვაგებ, მაგრამ ვერც ერთ პოლიციელს, პირდაპირ გეუბნებით, თმის ღერი არ ჩამოუვარდება. თუ დავაშავეთ, კიდევ ერთხელ ვიძახი, ღირსეულად ჩვენს დანაშაულზე პასუხს ვაგებთ. ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ რა თქმა უნდა, დანაშაული არ ჩაუდენია”. – თქვა ვახტანგ გომელაურმა.
საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.
გადაღების დროს ხელი შეუშალეს და ფიზიკურად იძალადეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეზე. მას რამდენიმე პოლიციელი დაუპირისპირდა, დაუმტვრიეს კამერა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სერგი ბარამიძე ამბობდა, რომ მას მასალის წაშლას სთხოვდნენ, თუმცა, მისი კამერა ლაივ-გადამცემთან იყო შეერთებული და მასალა პირდაპირ ტელევიზიის საეთეროს მიეწოდებოდა, ამიტომაც, პოლიციამ წაშლა ვერ შეძლო.