გომელაური: ვმუშაობთ ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე

პუბლიკა

ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე მუშაობს. გომელაურმა პარლამენტში, სადაც მას „მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენენ, თქვა, რომ უწყების საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ამაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზის პლატფორმაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის  თანამშრომლებს 2023 წელს ტრენინგი პოლონეთში ჩაუტარდათ. საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ საანგარიშო პერიოდში წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია და დეპარტამენტმა ექსპერტიზის 12 ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის (ISO-ს) მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.გარდა ლაბორატორიების აკრედიტაციისა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოხდა განაცხადის შეტანა შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც გულისხმობს დანაშაულის ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშობას“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებებში დაინერგა ახალი აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფა.

„დეპარტამენტმა შეიძინა 10  დაქტილოსკოპიური სკანერი, პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც განთავსდა ქვეყნის მასშტაბით არსებულ დროებითი მოთავსების 10 იზოლატორში, რითაც შესაძლებელია, იზოლატორში შეყვანილი პირის ადგილზე  დაქტილოსკოპირება,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.