შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ 2021 წელს პირადად გააუქმა 2015 წლის ბრძანება და დასაშვები გახადა, რომ აქციის დაშლის დროს სპეცრაზმმა ერთდროულად გამოიყენოს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზის.
„ტვ პირველის“ სიუჟეტში საუბარია, რომ მოიპოვეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს შსს წყლის ჭავლში ცრემლმდენ გაზს ურევდა. მოგვიანებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციამ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მსგავსი რამ შს მინისტრის ბრძანებითვე იყო აკრძალული. ორგანიზაციამ მოუწოდა უწყებას, მიეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა ნორმა, რომელიც სამართალდამცავს უკრძალავდა აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის და ცრემლმდენი გაზის, ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
„[ჩანაწერი] ავთენტური იყო თუ არა, საკითხავია კიდევ და ალბათ გამოსაძიებელია და სანახავია ეს ნამდვილი იყო თუ არა, აწყობილი იყო თუ არა. მივხედავთ მაგასაც. […] ეს ბრძანებით აკრძალული არის არის, ეს არის პირველი ტყუილი, ბატონმა ნოდარმა და თქვენც ბრძანდებოდით, არ ვიცი ვინ გააკეთა თუ მეშლება ბოდიშს გიხდით, რომ ეს ბრძანება გამოცემულია და უფლება არ ჰქონდათ. ეს ბრძანება გამოცემული იყო 2015 წელს, რომელიც შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ პრაქტიკა ევროპული ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ქვეყნების რომლებიც არის ევროპული ქვეყნები, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო, არ შეგიძლია გამოიყენო, არ შეუძლია სპეცრაზმს გამოიყენოს, თუ არის პატარა ბავშვები, არასრულწლოვნები, ფეხმძიმე ქალები და ასე შემდეგ, თუ ხდება შეტევა და შტურმი ხდება, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებები. [როდის შევიდა ცვლილება?] 2021-ში, მე შევიტანე პირადად“, – თქვა გომელაურმა.