სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს. გოგაშვილის წერილს „ფორმულა“ ავრცელებს.
„ჩემს მიმართ 16 ივლისს განხორციელებული ბინძური და უკანონო სპეცოპერაცია და 12 დაწესებულებაში ჩემზე განხორციელებული მუქარა და არაადამიანური მოპყრობა განხორციელებული იქნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მასთან კოორდინაციით.
ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაწილი მე უკვე წარმოვადგინე და ნაწილსაც წარმოვადგენ ეტაპობრივად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შსს მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არსად უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებლია და თუ არ გავჩერდები და გავჩუმდები, მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე ის უნდა გამომსწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარეს შემთხვევავში შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბრებს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია“,- აცხადებს გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილის ადვოკატების განცხადებით, სოსო გოგაშვილს ციხეში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და პირადად დაემუქრა.
გოგაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ გომელაური სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს პირველად 28 ივლისს დაუკავშირდა.
როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი, მათ შორის, იყო საკმაოდ დაძაბული და ძირითადად, შეეხებოდა მუქარებს – იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა ის ფაქტორი, თუ რა შეიძლება დამართნოდა როგორც იოსებ გოგაშვილს, ასევე მის ოჯახს, ახლობლებს და ა.შ.
სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს თავისსავე სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობას ედავება.
ოჯახი სოსო გოგაშვილის დაკავებას მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.
15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადასტურებდა, რომ ის ფლობდა უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, მიაწოდა მედიას, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.