გომელაურმა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შესახებ კითხვებს ინტერპელაციის წესით უპასუხა

პუბლიკა

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვებს უპასუხა. კითხვები ოჯახში ძალადობას და ფემიციდს შეეხებოდა.

ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით.

მან წამოადგინა ოჯახში ძალადობის რეგისტრირების და გახსნის ბოლო 7 წლის სტატისტიკა:

  • 2017 წელს – რეგისტრირებულია 2143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია – 72.52%;
  • 2018 წელს – რეგისტრირებულია 4761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია – 63.12%;
  • 2019 წელს – რეგისტრირებულია 4867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია – 62.44%;
  • 2020 წელს – რეგისტრირებულია 5204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია – 65.99%;
  • 2021 წელს – რეგისტრირებულია 4767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია – 76.17%;
  • 2022 წელს – რეგისტრირებულია 4106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია – 87.34%;
  • 2023 წელი – რეგისტრირებულია  4101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია – 86.37%;

გარდა ამისა, შს მინისტრის თქმით, „ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 800-ს აღწევს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლიდან დაინერგა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, ე.წ ელექტრონული სამაჯური, რომელიც პოლიციას საშუალებას აძლევს, რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი.

„კერძოდ მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა. ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია როგორც ორდერის, ისე, ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან თავის არიდებისათვის“, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ამონიტორინგებს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ყველა საქმეს. ასევე,უწყების  გენერალური ინსპექცია სწავლობს ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, მყისიერად ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022-2023 წლებში, გენერალური ინსპექციის მიერ 44 თანამშრომლის მიმართ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი.