საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გომის მთაზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.
ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.
სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.