გონჩარენკოს თქმით, რუსეთზე ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა

პუბლიკა

უკრაინის წარმომადგენელი PACE-ში, ოლექსი გონჩარენკო ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებისთვის საქართველოს მხარი არ დაუჭერია – მისი ინფორმაციით, 46 წევრიდან ამ შეთანხმების ხელმოწერას მხარი არ დაუჭირა 6-მა.

„გუშინ აქ, ამ დარბაზში ჩვენ ვუმასპინძლეთ უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც სიტყვით მოგვმართა. მაგრამ მანამდე, გაფორმდა შეთანხმება სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, მართლაც ისტორიული მომენტი, [რუსეთის] აგრესიის ტრიბუნალი. მაგრამ იცით, რა? ექვსი წევრი ქვეყანაა, რომლებმაც ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს. და ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთია საქართველო. საქართველო კი თავადაც რუსეთის აგრესიის მსხვერპლია, მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თითქმის იგივე რაოდენობა, რაც უკრაინაში. საქართველო კიდევ უფრო ადრე კი იყო კრემლის, მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი და ამის შემდეგ, საქართველო არ უჭერს მხარს ტრიბუნალს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს?“, – განაცხადა გონჩარენკომ.

ამ ეტაპზე, ევროსაბჭოს ვებგვერდზე საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების მხარდამჭერთა სია – ცნობილია, რომ მას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ 25 ივნისს მოაწერეს.
ამას წინ უძღოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ შეთანხმების გაფორმებისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა – სწორედ ეს სამუშაო ჯგუფი შედგება 40 ქვეყნის წარმომადგენლებისგან.

საბოლოო სია წევრების, რომლებიც მხარს დაუჭერენ ტრიბუნალის შექმნას, უშუალოდ სამართლებრივი დოკუმენტის ოფიციალურად ძალაში შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დაწერა, რომ:

„PACE-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა შემზარავ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე, რომელმაც კენჭი უყარა რუსეთის უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რის გამოც გუშინ აქ იმყოფებოდა პრეზიდენტი ზელენსკი, „ოცნების“ წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა, განსხვავებით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისგან, უნგრეთის გარდა. მორიგი დასტური ივანიშვილის რეჟიმის პუტინთან მოკავშირეობის“.

ამასთან, „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტის 24 ივნისის სხდომაზე ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ მისცეს ხმა უნგრეთმა, თურქეთმა და სერბეთმა. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.