„როცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები, ამას პირველი საქართველოში ყოველთვის ეხმაურება და აიტაცებს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიციური ბანაკი. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სწორედ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები“, – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას.
გრიგორი კარასინის შეფასებით, საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით „დაბალანსებული“ იყო. კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება“.
„მე მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებებს გააკეთებენ. სინამდვილეში არც ერთი ასეთი შექება, არც ერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავის ტერიტორიების დეოკუპაციას მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.