Google Maps-ის მიხედვით, ლარსის გამშვებ პუნქტთან 13-კილომეტრიანი საცობია

პუბლიკა

Google map-ის მიხედვით, დღეს, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 11:45 საათზე, ლარსის გამშვები პუნქტიდან ჩრდილო ოსეთის სოფელ ჩმიმდე 13-კილომეტრიანი საცობია.

21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ. რიგი დგას სახმელეთო საზღვრებთან; გაიზარდა მოთხოვნა ავიაბილეთებზე.

რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით Forbes.ru წერს, რომ საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე 22 სექტემბერს დილის 6:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან დღეში 1511 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა (ერთი დღით ადრე – 1261 ავტომობილი). გამოცემის ცნობით, მომლოდინე მანქანების რაოდენობა ღამით 50-დან 300-მდე გაიზარდა.

შედარებისთვის, ამავე წყაროს ცნობით, მონღოლეთის საზღვართან საცობში 45 მანქანა იდგა, დღის განმავლობაში კი საზღვარზე 186 ავტომობილი შეუშვეს. რუსული „ფორბსის“ ცნობით, რამდენიმე დღის წინ საზღვარზე რიგი არ იყო. რუსეთ-ფინეთის საზღვარზე მანქანების რაოდენობა 890 იყო – ორჯერ მეტი, ვიდრე წინა დღეს.

იმავე დღეს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მოსკოვიდან მინსკის, ერევნისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთები სრულად გაიყიდა. მაგალითად, „აეროფლოტისა“ და ავიაბილეთების ონლაინმაღაზიის Aviasales.ru-ს ვებსაიტებზე მოსკოვიდან მინსკისა და ერევნის მიმართულებით პირდაპირი ფრენისთვის ბილეთების შეძენა მხოლოდ მომდევნო დღეებში იყო შესაძლებელი.


21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი მოაწერა. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყო.

პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.

„რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“,– განაცხადა სერგეი შოიგუმ.