გორდულაძე: უნებართვო გრანტად ჩაითვალოს უკვე თანხმობაგაცემული გრანტის მიზნის ცვლილება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა გრანტის მიღების შესახებ კანონპროექტს.

დაჩქარებული წესით განსახილველი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში შედის და გულისხმობს მუხლის დამატებას, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს.

იმ ცვლილებების მიხედვით, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იღებს, აიკრძალება უცხოური გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

კომიტეტზე ცვლილებები „ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ წარმოადგინა. წარდგენის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოვიდა კანონპროექტში კიდევ რამდენიმე ცვლილების მიღების ინიციატივით.

გორდულაძის თქმით, კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი – უნებართვოდ გრანტის გაცემად ჩაითვლება უკვე თანხმობაგაცემული გრანტის მიზნის ცვლილება.

მისი მტკიცებით, შესაძლოა, მთავრობამ თანხმობა გასცეს გრანტზე, რომელშიც „კეთილსინდისიერი მიზნები“ იქნება გაწერილი, მაგრამ რეალობაში აღნიშნული თანხა „დესტრუქციულ ქმედებებს“ მოხმარდეს. ამ შემთხვევაში, გორდულაძის თქმით, „უნდა ჩაირთოს ის პროცედურები, რაზეც კონტროლს განახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო და გათვალისწინებული იქნება პასუხისმგებლობის ზომები“.

კანონპროექტში უკვე არსებული ჩანაწერის თანახმად, აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

გარდა ამისა, გორდულაძის თქმით, „კანონპროექტში უნდა დაკონკრეტდეს, უნდა დაემატოს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ექნება დამატებითი უფლებამოსილება, რომ არა მხოლოდ ხელშეკრულება და მის ფარგლებში არსებული საკითხები, არამედ დამატებითი დოკუმენტებიც შეისწავლოს“.

„პირდაპირ ჩავწეროთ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა“, – თქვა გორდულაძემ.

მისივე ინიციატივით, კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი, რომლითაც „გრანტების მიმღებებმა გვერდი ვერ უნდა აუარონ საკანონმდებლო ჩარჩოს”.

„ადამიანები შეეცდებიან, გრანტები მიიღონ და ეს შემდეგ დესტრუქციულ ქმედებებს მოახმარონ. ან შესაძლებელია, თანხმობისთვის საერთოდ არ მიმართონ მთავრობას“, – ამბობს გორდულაძე.

მისი თქმით, ამ ორივე სცენარის პრევენციისთვის უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს შესაძლებლობას მისცემს, ეს სახსრები გადაამოწმოს და „თუ ეს ყველაფერი იდენტიფიცირდება, როგორც გრანტი, შემდეგ დაიწყოს პროცედურა, რომელიც გულისხმობს ასეთი თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებებისთვის გრანტის ორმაგი ოდენობის ჯარიმას“.

არჩილ გორდულაძითვე თქმით, თანხმობის მოთხოვნა არ გავრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე, „თუ არ შეიცვლება გრანტის შინაარსი“.

მისი განცხადებით, თუ დონორები და ორგანიზაციები მთავრობას ნებართვისთვის საერთოდ არ მიმართავენ, მაგრამ „ჩარიცხული თანხა თავისი ბუნებით არის გრანტი, ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონდეს ბერკეტი, გადაამოწმოს, ჩარიცხული თანხა ხომ არ არის გრანტი და თუ მთავრობის თანხმობის გარეშე იქნება შემოტანილი და დახარჯული, გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ზომები“.

უკვე წარმოდგენილ კანონპროექტში განსაზღვრულია გამონაკლისებიც, რასაც არ შეეხება ცვლილებები.

კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, არარელევანტურია გამონაკლისებში საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა, ვინაიდან „საერთაშორისო ორგანიზაციები ფართო ცნებაა და თან ისინი ხშირად ისედაც ათანხმებენ მთავრობასთან მთელ რიგ საკითხებს“. „ამიტომ, ეს ამოვიღოთ“, – თქვა გორდულაძემ.