შსს-მ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
თამარ ჩერგოლეიშვილის ცნობით, საქმე ეხება 9 იანვარს დაწერილ პოსტს, რომელშიც ჩერგოლეიშვილი გორდულაძეს „თალიბანის სი*ს“ უწოდებს და წერს, რომ „პატრიოტი ძაღლები საფლავზე დააფსამენ“.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მას საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ პროცესი 15 იანვარსაა ჩანიშნული. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ის პროცესზე არ მივა და კანონი, რომლის საფუძველზეც წარმოება დაიწყო, გამოხატვის თავისუფლებასთან და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
„ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ კოდექსში გასულ წელს შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პირების და საჯარო მოსამსახურეების შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს – ჯარიმას 1500-4000 ლარამდე ან 45 დღემდე პატიმრობას.