გორის ჰოსპიტლისთვის დავალიანების ჩამოწერა მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს - საია

პუბლიკა

საიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანების ჩამოეწერაზე ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ხელისუფლების ინიციატივა, შეუმსუბუქოს მოქალაქებს ფინანსური წნეხი მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მინისტრს ამის გაკეთება კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის გასაჯაროების დრო წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა.[ეს კიდევ ერთი მანიპულაციაა. ხელისუფლებამ ამით თავი აარიდა იმ რეგულაციებს, რომელიც მას ამ დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკრძალავს. საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია”, – ნათქვამია საიას განცხადებაში. 

31 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამინისტროს ინიციატივით სამოქალაქო პირებს, რომლებსაც სამი წელი და მეტი ვადით ერიცხებათ სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ დავალიანება, ჩამოეწერებათ.

„ჩვენ გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ და ვაცნობოთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მორიგი, ახალი ინიციატივა. ინიციატივის შესაბამისად, მოქალაქეებს (და ასეთი რამდენიმე ასეულია), რომლებსაც სამი წელი და ზემოთ ვადით ერიცხებათ სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ არსებული სამედიცინო დავალიანება, ეს დავალიანება ჩამოიწერება. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ დავალიანების რაოდენობა 1 600 000 ლარზე მეტია“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.