„გორის ხელოვნების სახლი“: სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩვენი გამოსახლების შესახებ

პუბლიკა

„გორის ხელოვნების სახლი“ წერს, რომ გორის მერიის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ მათი გამოსახლების გადაწყვეტილება გამოიტანა.

გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ გორის მერიამ სასამართლოს 25 დეკემბერს მიმართა. სხდომა 6 მარტს „გორის ხელოვნების სახლის“ წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა.

მათ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. პროცესი 2 აპრილს ჩატარდება.

„სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 დეკემბერს ცალკე სასამართლო დავა დაიწყო სივრციდან ჩვენი გამოსახლების შესახებ!

სასამართლო სხდომა 6 მარტს ჩვენ გარეშე ჩატარდა, რადგან როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ოქმიდან ირკვევა, ორი თვის განმავლობაში – ვერც გორის მერიამ, ვერც სასამართლომ და ვერც პოლიციამ ვერ „გვიპოვა”, რათა სარჩელის ასლი და სხდომის დეტალები გადმოეცათ.

შედეგად, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩვენი გამოსახლების შესახებ, რომლის ჩასაბარებლადაც ჩვენი პოვნა აღარ აღმოჩნდა პრობლემა.

ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევა!

გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და გელით 2 აპრილს, 15:00 საათზე იმის მოსასმენად, თუ როგორ ვერ იპოვა სასამართლომ ორი თვის მანძილზე ორგანიზაცია, რომელსაც ქალაქში ყველა იცნობს და კიდევ ერთი მიმდინარე დავა აქვს ამავე საკითხზე, სადაც კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა“, – წერს გორის ხელოვნების სახლი.

ხელოვნების სახლსა და გორის მერიას შორის სამართლებრივი დავა გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როცა გორის მერიამ უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. ხელოვნების სახლი ამას მიმდინარე პროტესტზე ინსტალაციას უკავშირებს. ხელშეკრულების შეწყვეტა გამოფენის გახსნიდან 5 დღეში მოითხოვეს.

გორის ხელოვნების სახლმა გორის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

14 თებერვალს ხელოვნების სახლმა დაწერა, რომ გორის მერია უარს ამბობს მორიგებაზე, მათ სივრცეს ელექტროენერგია შეუზღუდა, რის მიზანიც მუშაობის შეზღუდვაა.

„მეტად შემაშფოთებელია ეს ფაქტი ვინაიდან ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ზრუნავდეს საჯარო ინფრასტრუქტურაზე და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებზე, განზრახ აზიანებს დიდი შრომის და ენთუზიაზმის შედეგად შექმნილ ინფრასტრუქტურას, რადგან გათბობის გარეშე შენობა საფრთხის ქვეშაა მომატებული ნესტიანობის გამო. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას ჩვენი ქალაქის, ჩვენი სამშობლოს და ევროპული ღირებულებების დასაცავად! მადლობა ჩვენს თითოეულ გულშემატკივარს და ხელოვნების სახლზე შეყვარებულ ადამიანებს!“, – დაწერა ხელოვნების სახლმა 14 თებერვალს.