“რა თქმა უნდა, პარტიამ დააფინანსა. ამას არავინ არ მალავს. არ ვიცი რამდენი მარშუტკაა, მაგრამ 3 500 კაცზეა საუბარი”,- გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ დღევანდელ ღონისძიებაზე ააიპ-ის თანამშრომლები და საჯარო მოხელეები მიჰყავს, ასევე ის ადამიანები, რომლებმაც ღონისძიებაზე წასვლის სურვილი გამოთქვეს.
„დავალება არ მიიღეს, მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ასეთი რაღაცა ტარდება თბილისში, ვისაც სურვილი გაქვთ გთხოვთ წამოხვიდეთ, მე ვაცილებ ახალა ამათ, გადავუჯდები ერთ-ერთ მარშუტკაში და ერთად წავალთ“,- უთხრა ჟურნალისტებს თავზარაშვილმა.
საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადების აღსანიშნავად პარტია „ქართული ოცნება” 14 დეკემბერს აქცია-კონცერტს მართავს.
პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მოუწოდა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსა და თბილისელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ 14 დეკემბერს ოჯახებით გამოვიდნენ ღონისძიებაზე. კალაძის თქმით, ტრანსპორტირების ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო გუნდი.