გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მართვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება – ადგილობრივი ბიუჯეტიდან არსებითი მოცულობის თანხები დაიხარჯა არამართლზომიერად.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ.
კერძოდ: 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 2 სუბიექტიდან: ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოდან და ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოდან საბიუჯეტო სახსრები სისტემატურად ირიცხებოდა ფიზიკური პირის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნული პირი ორივე ა(ა)იპ-ში იკავებდა ბუღალტრის პოზიციას. მის მიერ გადარიცხვების საფუძვლად მითითებული/წარდგენილი იყო სხვადასხვა დოკუმენტი–ხელფასის უწყისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ბუნებრივი აირის მოხმარების ქვითრები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა რომ დოკუმენტები არ იყო ავთენტური.
აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა ფიზიკური პირის 6 საბანკო ანგარიში, რომლებზეც, დაახლოებით, ორწლიან პერიოდში 266 უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და გადარიცხულმა თანხამ ჯამში, დაახლოებით, 375 ათასი ლარი შეადგინა.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება და მასთან დაკავშირებული მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს.
„უკანონო ტრანზაქციები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და სისტემატური ხასიათი ჰქონდა ვერ იქნა იდენტიფიცირებული. გადარიცხვები კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ დადასტურებულია, რაც მათ მიერფუნქცია-მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაზე მიუთითებს.
აღნიშნული მათი არასათანადო კვალიფიკაციით იყო გამოწვეული თუ ურთიერთშეთანხმების შედეგია, შემდეგი მოკვლევის საგანს წარმოადგენს” – ვკითხულობთ ანგარიშში.