გორის სერვისცენტრის კურიერები აცხადებენ, რომ „უკანონო გაფიცვის გამო“ ფოსტამ მათ თანამშრომლობა შეუჩერა

პუბლიკა

„საქართველოს ფოსტის“ გორის ფილიალის კურიერები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ხელფასის მომატების და ჯანმრთელობის დაზღვევის მოთხოვნით გაიფიცნენ, დირექტორმა 11 მათგანს თანამშრომლობა შეუჩერა.

„ჩვენი მოთხოვნა იყო ხელფასის მომატება, დაზღვევა და არ განიხილეს ჩვენი მოთხოვნები და უკანონო გაფიცვის გამო შეგვიჩერეს თანამშრომლობა“, – აცხადებს „ტელეკომპანია პირველთან“ ერთ-ერთი კურიერი.

„მას შემდეგ, რაც გორის სერვისცენტრის კურიერების სამართლიანი მოთხოვნები შრომის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გაშუქდა „მთავარი არხის“ ეთერში, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა გადაწყვიტა, რომ მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები გამოეყენებინა. სხვათაშორის, ეს ღონისძიებები მისთვის უცხო არ არის, იმიტომ, რომ ხაშურის კურიერებთანაც მიმართა მან ამ მეთოდს, ჩემს შემთხვევაშიც, როცა ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი არ მოეწონა“, – აცხადებს „მთავარ არხთან“ ანა ბალიაშვილი, ფოსტის სერვისცენტრის ყოფილი მენეჯერი.

კურიერებმა იურიდიული დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია მათ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მზად არის, ჩაერთოს საქმეში და წარმოადგინოს მათი ინტერესები თუნდაც სასამართლოში დავის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ დარღვეულია მათი გაფიცვის უფლება. საქართველოს ფოსტა მათ ექცევა უკანონოდ, დანაშაულებრივად და სამარცხვინოდ, ვინაიდან, აკრძალულია შრომის კოდექსით გაფიცვაში მონაწილე პირებისთვის ამ უფლებით სარგებლობის ხელყოფა; იგივე აკრძალულია კონსტიტუციით და სისხლის სამართლის კანონით; მოვუწოდებთ საქართველოს ფოსტას, არ გაათავისუფლონ კურიერები, დასხდნენ მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა მერებაშვილმა.

„საქართველოს ფოსტის“ გორის სერვისცენტრში ამბობენ, რომ საკურიერო მომსახურება შეფერხებულია, დამატებითი ინფორმაციისთვის კი მედიას პრესსამსახურში ამისამართებენ.

„პუბლიკას“ „საქართველოს ფოსტიდან“ დღის მეორე ნახევარში უპასუხეს. ფოსტა აცხადებს, რომ კურიერების გაფიცვამ სამუშაო პროცესის შეფერხება გამოიწვია, თანაც, პანდემიის ფონზე, სამუშაო ადგილების და ანაზღაურების შესანარჩუნებლად კომპანიის ძალისხმევის მიუხედავად, „გორის სერვისცენტრის კურიერების მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობა საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შეეჩერებინა შრომითი ხელშეკრულება აღნიშნულ პირებთან და მიემართა სასამართლოსთვის გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით“.

11 კურიერი ხელფასის მომატების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 5 იანვარს გაიფიცა.