გორის თეატრის კოლექტივი წულუკიანს სთხოვს, არ შეცვალოს მათი სამხატვრო ხელმძღვანელი

პუბლიკა

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი კულტურის მინისტრს თხოვნით მიმართავს.

თეატრის კოლექტივი სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ახლა კი როგორც აღმოჩნდა, გაურკვეველი მიზეზებით ის ხელმძღვანელის თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს.

გორის თეატრის კოლექტივი თეა წულუკიანს სთხოვს, რომ ხელახლა განიხილოს დავით ჩხარტიშვილის კანდიდატურა.

„მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრმა მიაღწია არაერთ წარმატებას. საფუძველი ჩაეყარა თოჯინურ მიმართულებას, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს მოზარდ მაყურებელში.

მონაწილეობას იღებდა და აღიარებულ იქნა საერთაშორისო ფესტივალებზე როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოს მასშტაბით, კერძოდ მის მიერ განხორციელებულ სპექტაკლებს აღებული აქვთ: პრემია „დურუჯი“; პრემია „წინანდალი“; სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე აღებული აქვს ჯილდო მნიშვნელოვან ნომინაციებში.

ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით თეატრი აგრძელებდა აქტიურ მუშაობას.

თეატრის თანამშრომლებში სარგებლობდა მაღალი ავტორიტეტით და მეგობრული დამოკიდებულებით.

უმორჩილესად გთხოვთ, დავით ჩხარტიშვილის კანდიდატურა ხელახლა განიხილოთ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე“, – ნათქვამია გორის თეატრის კოლექტივის წერილში, რომელიც თეა წულუკიანს გაუგზავნეს.


კულტურის სამინისტროს განცხადებით, მათდამი დაქვემდებარებული თეატრებიდან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს ამოეწურა. აქედან გამომდინარე, 2021 წლის დეკემბრიდან, კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი უკვე 15 თეატრში გამოაცხადა.

ცნობილი გახდა, რომ ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები დასანიშნად კულტურის მინისტრს წარედგინა; ერთის კანდიდატურა განსახილველად სარეკომენდაციო საბჭოს გადაეგზავნება, ხოლო გორის თეატრში კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.