გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში გადახდილი 100-კაციანი ქორწილია – ეზუგბაია

პუბლიკა

გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს გორში გადახდილი 100-კაციანი ქორწილი გახდა, – განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა:

„მოსახლეობას და მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან და არსებულ შეზღუდვებს და რეგულაციებს დაემორჩილონ, თორემ მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რაც კიდევ უფრო ცუდად წაადგება არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, „თავისუფალი უნივერსიტეტის ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტები მოძიებულია. რაც შეეხება კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შემთხვევას, ეზუგბაია განმარტავს, რომ მოსწავლეები არ არიან ინფიცირებულები და შემხებლობა პედაგოგებს შორის იყო.

„თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შეთხვევები იყო. ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტები უკვე მოძიებულია და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა, კახეთის სკოლის შემთხვევაში კი კიდევ კარგი, რომ ეს არ არის სწავლის დაწყების პერიოდი და ბავშვები არ არიან ინფიცირებულები. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა და ვითარება უკვე მართვადია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 392 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2 392;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1369;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;